სპორტ ექსპრესი

დინამო უშანსოდ განადგურდა

მარტი 3, 2021 11:07

წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ეტაპიც, ისევე როგორც წინა „ბაბლის“ პრინციპით იმართება და მას ბუდაპეშტი მასპინძლობს.

12 საუკეთესო გუნდს შორის არის თბილისის „დინამოც“, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე პირველი სამი მატჩიდან ორი წააგო, ხოლო მონტენეგროულ „იადრანთან“  ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია.

6 გუნდიან ჯგუფში, პლეიოფის საგზური ოთხ საუკეთესოს ეძლევა და იმედი გვქონდა, რომ თბილისელი წყალბურთელები ამ მიზნის მიღწევას შეძლებდნენ, მაგრამ ეს ოცნებაც საპნის ბუშტივით გასკდა.

ის, რაც „დინამოს“ გერმანულ „ვასპო ჰანოვერთან“ დაემართა ალბათ კოშმარულ სიზმარშიც ვერავინ წარმოიდგენდა. ფურცელზეც და სპეციალისტების ვარაუდითაც წყვილის ფავორიტად „დინამო“ მიიჩნეოდა, რადგან გერმანულ გუნდს დღემდე მოგება არ ჰქონდა.

სამაგიეროდ მოიგო „დინამოსთან“ და თან როგორ. მატჩში, რომელშიც მაგარ ბრძოლას ველოდით, ქართული გუნდის სრული კრახით და კაპიტულაციით დასრულდა – 3:10. ანგარიში ალბათ ყველაფერზე მეტყველებს. ნიშანდობლივია, რომ „დინამო“ საერთოდაც 0:9 აგებდა და ანგარიშის დასველება ოდენ მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე შეძლეს.

წყალბურთის ქომაგებს ეცოდინებათ, რომ ცოტა ხნის წინ, როტერდამში „ტოკიო 2020“-ის საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა. ნაკრების არაერთი წყალბურთელი „დინამოშიც“ თამაშობს და თითქოს გადაღლილები და გამოფიტულები ჩანდნენ, მაგრამ ასეთ ფიასკოს გამართლება მაინც არ აქვს.

ფაქტია, რომ დეიან სტანოევიჩს საფიქრალი და სამუშაო ბევრი აქვს.

მომდევნო მატჩს „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე 3 მარტს უნგრულ „ფერენცვაროშთან“ გამართავს.