სპორტ ექსპრესი

ქართულ რაგბში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

თებერვალი 26, 2021 09:49

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა.

ვეტერანმა მორაგბემ დელეგატებს მოუწოდა, რომ განმეორებით ყრილობაზე მისვლისგან თავი შეიკავონ.

ირაკლი აბუსერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საბედნიეროდ დღეს (უკვე გუშინ), საქართველოს რაგბის კავშირი, კიდევ 10 დღის ვადით დარჩა რაგბის კავშირად და არ იქცა კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიად.

ისევ გვაქვს შანსი და რაც ყველაზე მთავარია, ისევ გვაქვს არჩევანი!

ქართული რაგბის და ვეტერანი ბორჯღალოსნების სახელით, მე, თავად ბორჯღალოსანი, ირაკლი აბუსერიძე და ჩემი გუნდი, მოგმართავთ ყველას, ვინც 10 დღეში კვლავ დადგებით იგივე არჩევანის წინაშე: არჩევანი რთული არ არის! ან გვექნება რაგბი, ან არა! ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია! როგორც მე ვერ გავხდები 10 დღეში მშენებელი, ისე ვერ გახდება მშენებელი იოსებ ტყემალაძე მორაგბე.

არჩევანი ნამდვილად არ არის რთული, მაგრამ ვიცი, რომ ეს არჩევანი არის მძიმე. ვიცი რა მუქარებსაც ისმენთ მუნიციპალური კლუბები. ვიცი რა ხალხიც არის ჩარეული და რამდენს უნდა ეს კავშირი საშოვარ ადგილად აქციოს. გახსოვდეთ, ეგეთი ხალხი მოვა და წავა. აი სტადიონიდან წასული, იმედგაცრუებული გულშემატკივარი უკან აღარ მოვა! ბევრი მაგალითი გვაქვს ამის. გახსოვდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი, ვინც სპორტი ავირჩიეთ ცხოვრების გზად და რაგბი ცხოვრების წესად, გულშემატკივართან ვართ ანგარიშვალდებული! გაიხსენეთ ხალხით სავსე სტადიონი, გაიხსენეთ ტაშის ხმა, გაიხსენეთ გახარებული სახეები, გაიხსენეთ გამარჯვება და გვერდზე დაგვიდექით, რომ 10 დღეში ისევ ერთად გავიმარჯვოთ!

არჩევანი ასეთია: ან გვექნება რაგბი, ან არა! ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია!“ – წერს აბუსერიძე.

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს გამართულ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრმა ვეტერან მორაგბეს პრეზიდენტად რეგისტრაცია შეუჩერა. მიზეზად დარღვევებით ჩატარებული ყრილობა დასახელდა.

რაგბის კავშირის გამგეობამ ხელახალი არჩევნები 24 თებერვალს დანიშნა და კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა. გუშინდელი სხდომა საკმარისი კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა, რის გამოც, გამგეობას ხელახალი არჩევნების დანიშვნა 10-დან 30 დღის ვადაში მოუწევს.