სპორტ ექსპრესი

“შეგვჭქმეს ვირთხებმა, გაუსაძლისია” - რა ხდება კოვიდ სასტუმროებში

იანვარი 21, 2021 10:49

არავინ იცის რა კონდიციებში იქნებიან 8 თებერვლისთვის ჩოგბურთელები, როდესაც მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყება. ჩოგბურთელების დიდ ნაწილს უკვე ნერვები ღალატობს და კარანტინს ყველანაირი ხერხით აპროტესტებს.

იულია პუტიანცევა მზად არის ვინც წინ გადაეღობება ყველა გაპუტოს. მან ერთი კაცის აქციაც მოაწყო და ტრანსფარატით ხელში დადგა, რომელზეც ეწერა – „ჩვენ გვჭირდება სუფთა ჰაერი“.

ყაზახი ჩოგბურთელი მკაცრ კარანტინზე წუწუნებს და ამბობს, რომ ცუდ პირობებში უხდებათ ყოფნა. ისე, ცოტა გასაკვირი კი არის, მელბურნის სასტუმროებში პირობებზე დაიწუწუნო, თუმცა როგორც ჩანს ზოგიერთი ჩოგბურთელი მართლაც დისკომფორტს განიცდის.

ასე მაგალითად, პუტიანცევა ამბობს, რომ სასტუმროს ნომერში ფანჯარა არ იღება და უფრო მეტიც – ვირთხაც კი აღმოაჩინა.

„რატომღაც ყველა საპრიზო თანხაზე საუბრობს და გვახსენებს, რომ უკვე მხოლოდ მონაწილეობისთვის 100 ათასი დოლარი გარანტირებული გვაქვს. იმას არავინ ამბობს თუ რაოდენ დიდი ძალისხმევა გავიღეთ, რათა ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოვმზადებულიყავით. რომ მცოდნოდა, აქ ასეთ პირობებში გამოგვკეტავდნენ, არც იმ 100 ათასის ხათრით ჩამოვიდოდი“ – ამბობს 26 წლის ყაზახი ჩოგბურთელი, რომელიც ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ორგანიზატორებს აკრიტიკებს.