სპორტ ექსპრესი

"გშუურთ ჩემი? სხვა რა ახსნა აქვს ამდენ განკიცხვასა და ლანძღვას" - ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე კიდევ ერთ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს

იანვარი 4, 2021 13:20

ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი, საკუთარი ბიზნესის შესახებ განმარტებებს აკეთებს.

 

„ბოლო დღეებში ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა პირადში ან მიუძღვნა საჯარო კომენტარი ჩემს გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა, რომ კიდევ მიწევს ამ თემებზე საუბარი და ვინმესთვის რამის ახსნა, ძალიან შემაწუხებელია, როდესაც სიმართლე შენს მხარეს არის, თუმცა საზოგადოებაში სხვა განწყობები ჭარბობს.

 

საწყენია, რომ ქვეყანაში, სადაც ასეთი გაჭირვება სუფევს და ძალიან ძნელია ბიზნესის კეთება ახალგაზრდა ადამიანებისათვის, მით უმეტეს, პანდემიის აკრძალვების და შეზღუდვების პირობებში ადამიანი მაინც ახერხებს საინტერესო ბიზნესწამოწყებას ჩაუყაროს საფუძველი და ძალიან მოკლე დროში ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ახერხებს ბიზნესის გამართვას, მას კი ამისთვის კიცხავენ.

 

როგორც ძალიან ცნობილი კანადელი ფსიქოლოგი ჯორდან პეტერსონი იტყოდა, აქ უნდა დაისვას კითხვა, რა არის თქვენი მოტივი, შეიძლება მოტივი შურია?! მას არაერთი ნამუშევარი აქვს მიძღვნილი ამ საკითხებზე და ძირეულად ხსნის ადამიანების განკიცხვის და ლანძღვის მიზეზებს.

 

ფიქრი და ოცნება ბიზნესზე ძალიან ადვილია და ბევრ ადამიანს შეუძლია, თუმცა რეალურად საქმეზე ხელის მოკიდება არ უნდათ, ან არ შეუძლიათ, ან იწყებენ და შუაგზაზე ჩერდებიან. დღეს ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს კაპიტალის მოსაზიდად ბიზნესის წამოწყებისათვის.

 

თუ საკმარის ენერგიას, შრომას და თავდაუზოგავ ძალისხმევას ჩადებ ადამიანს შეგიძლია ნულიდან შეადგინო ბიზნეს გეგმა, შექმნა პროტოტიპი, მოიზიდო კაპიტალი, დაიწყო ბიზნესი და შემდეგ თავდაუზოგავი და გაუჩერებელი შრომის ხარჯზე შეძლო შენი გეგმის სისრულეში მოყვანა.

 

მათთვის, ვინც დაინტერესებულია ჩემი ბიზნესის ფინანსური ისტორიით, მას არანაირი კავშირი არ აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინანსებთან. ეს ბიზნესი დავიწყე ნულიდან, მთლიანად მოზიდული საინვესტიციო კაპიტალით. ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანის მოხერხება და წარმატება მისალოცი ამბავი იყო, მით უმეტეს, ქართველი ახალგაზრდებისათვის. ასეთი წინააღმდეგობის ფონზე, როდესაც საქართველოში და მთელ მსოფლიოში ეკონომიკა ძალიან სერიოზულ რყევას განიცდის. მშპ მცირდება.

 

სახელმწიფოებისა და კომპანიების ბიუჯეტები შემცირებულია, ვალები კი გაზრდილი. ამ ფონზე, თუ ვინმემ ბიზნესის გამართვა და წარმატება მოახერხა, მე პირადად, ძალიან მიხარია.

 

ყოველთვის ვგულშემატკივრობ და თანადგომას ვუცხადებ ასეთ წამოწყებებს. თუმცა, ალბათ კორონა შეზღუდვების და აკრძალვების პირობებში ყველანი ასე თუ ისე დასტრესილები ვართ და ხანდახან შეიძლება გაგვიჭირდეს მოვლენების ობიექტური აღქმა.

 

თუმცა არა უშავს, მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი ამ სიძნელეებს ერთად გადავლახავთ და მომავალში ყველაფრის პოზიტიურ ჭრილში დანახვას შევძლებთ“, – წერს დოროყაშვილი სოცქსელში.