სპორტ ექსპრესი

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს! ეროვნული გუნდი სერბმა სპეციალისტმა ჩაიბარა

იანვარი 14, 2021 14:52

ეგენდარულმა ქართველმა წყალბურთელმა რევაზ ჩომახიძემ სასპორტო კარიერა ქუთაისში დაიწყო, 1987-1993 წლებში თბილისის „დინამოს“ წევრი იყო. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა საქართველოში სპორტისთვის არავის ეცალა, ჩომახიძემ უცხოეთს მიაშურა და წლების განმავლობაში იტალიის „რარი ნანტესისა“ და „პრო რეკოს“, ზაგრების (ხორვატია) „მლადოსტის“, მოსკოვის „დინამოს“ და ჩეხოვის „შტურმის“ შემადგენლობაში ითამაშა. რუსეთის ნაკრებთან ერთად 2000 წელს სიდნეიში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, ხოლო ოთხი წლის შემდეგ ათენში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 1998 წელს „კეთილი ნების“ თამაშებზე გაიმარჯვა, 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა 2002 წელს მსოფლიოს ლიგის თამაშები და მსოფლიოს თასიც მოიგო. ევროპის ჩემპიონატებზე ერთხელ მესამე ადგილი დაიკავა. 2001 წელს კონტინენტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. რევაზ ჩომახიძე მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში ევროპის თასების თასის მფლობელია, ხოლო "შტურმთან" ერთად - 2008 წლის "ლენტროფის" გამარჯვებული. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის დიპლომატიური აკადემია.

 

წყალბურთის ექსპერტების ჟიურის ბევრმა წევრმა ქართველი წყალბურთელი 21 საუკუნის საუკეთესო ცენტრალურ წყალბურთელად აღიარა და Total Player Award 2020-ის პრემიის კანდიდატი იყო.

 

დიდი წყალბურთიდან ის 2009 წელს წავიდა. ჯერ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა, 2018 წლიდან ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. იმავე წელს გუნდმა ბარსელონაში მე-13 ადგილი დაიკავა, 2020 წლის იანვარში მე-10 ადგილზე გავიდა, რაც ქვეყნის ნაკრებისთვის უდიდესი მიღწევაა. 2019-2020 წლებში პარალელურად თბილისის „დინამოსაც“ წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა.

 

რამდენიმე თვის წინათ რევაზ ჩომახიძემ „დინამო“ დატოვა და იგი დროებით ნაკრების კაპიტანმა ზურაბ რურუამ შეცვალა. ამას წინათ კი ნაკრებთან მუშაობასაც დაანება თავი და წყალბურთელებს ფეისბუკგვერდზე დადებული მცირე გამოსათხოვარი სიტყვებით დაემშვიდობა: „ბიჭებო, ყველას მინდა გითხრათ მადლობა ამ ორი წარმატებული წლისთვის! მადლობა შრომისთვის, ნდობისთვის და იმ ძლიერი დადებითი ემოციებისთვის! წარმატებები!!!“

 

„ქართული წყალბურთის განვითარებისთვის ყველაფერი გავაკეთე, რაც კი შემეძლო, - თქვა რევაზ ჩომახიძემ Total Waterpolo-სთვის მიცემულ ინტერვიუში. - როცა საქართველოში დავბრუნდი, დავიწყე ქართული წყალბურთის განვითარება. ჩვენ ვთამაშობდით უკრაინის ჩემპიონატში და მე-4 თუ მე-5 გუნდი ვიყავით ლიგაში. ათი წლის შემდეგ კი ევროპის მე-10 გუნდი გავხდით, „დინამო“ კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. ასე რომ, კმაყოფილი ვარ იმით, რაც გავაკეთე და რასაც მივაღწიეთ ბოლო წლებში. ახლა მინდა ცხოვრებაში სხვა საქმით დავკავდე. თუ დრო დამრჩება, სიამოვნებით ვიმუშავებ ჭაბუკებთან“.

 

საწართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ცნობით, რევაზ ჩომახიძე საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებთან იმუშავებს. თბილისის „დინამოს“ და ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს კი, რომელსაც ჰოლანდიაში სალიცენზიო ტურნირი და თბილისში მსოფლიოს ლიგის ფინალური ეტაპი ელის, სერბი მწვრთნელი დეიან სტანოიევიჩი ჩაუდგება სათავეში.

 

სერბულ გაზეთ „დნევნიკთან“ ინტერვიუში სტანოიევიჩმა დაადასტურა, რომ მას 3-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული საქართველოს საწყლოსნო სახეონათა ფედერაციასთან (2024 წლამდე), რომლის მიზანი წყალბურთელთა ნაკრების პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მოხვედრაა.

სტანოიევიჩი, რომელიც წყალბურთს ნოვი სადის „ვოივოდინაში“ თამაშობდა, წლების განმავლობაში სერბეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე იყო. 2011 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მან თავისი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებს ოქროს მედალი მოაპოვებინა. სამშობლოდან წასვლის შემდეგ დეიანი რუმინეთის მწვრთნელი (2014-2018) გახლდათ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ყაზახეთის ნაკრებს ავარჯიშებდა. როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ყახაზეთის ეროვნული გუნდი 2019 წლის მსოფლიოს ლიგაზე მე-7, ხოლო იმავე წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-14 ადგილზე გაიყვანა.

სერბ მწვრთნელს საქართველოს ნაკრებს ორშაბათს წარუდგენენ, ორ დღეში კი გუნდთან ერთად დაიწყებს მზადებას ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირისთვის, რომელიც 14 თებერვლიდან როტერდამში გაიმართება. სტანოიევიჩი უკვე მუშაობდა „დინამოს“ ორ მოთამაშესთან - ბორის ვაპენსკისა და დუშან ვასიჩთან, რომლებიც „ვოივოდინას“ წევრები იყვნენ. მაშინ დეიანი ამ კლუბს ავარჯიშებდა. საგულისხმოა, რომ ვაპენსკი უკვე საქართველოს ეროვნული გუნდის წევრია, ვასიჩმა კი ამას წინათ მიიღო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა და სექტემბრიდან ნაკრებში თამაშიც შეეძლება.

ქართველ წყალბურთელებს, სალიცენზიო ტურნირის გარდა, ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრებაც ელით - მსოფლიოს ლიგის ფინალური ეტაპი, რომელსაც 26 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს. ჩვენს გუნდს, როგორც მასპინძლებს, რვა საუკეთესოში ადგილი დაბევებული აქვს. სამი ევროპული საგზურისთვის კი უნგრულ დებრეცენში 8 გუნდი იბრძვის.

 

პანდემიის გავრცელებამდე წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებებს შორის ბოლო ოფიციალური მატჩი 2020 წლის 10 მარტს გაიმართა - მსოფლიოს ლიგის ევროპული კვალიფიკაციის მეოთხედფინალში ესპანეთმა სერბეთს 13:11 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. 8 იანვარს დებრეცენში მსოფლიოს ლიგის ევროპული სერია შეწყვეტილი ადგილიდან გაგრძელდა. პაექრობები მსოფლიოს და ევროპის ვიცე ჩემპიონ ესპანეთისა და ბოლო ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული სერბეთის გუნდების ამხანაგური ტესტმატჩით დაიწყო. ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ - 8:8 (1:1, 4:3, 2:3, 1:1), პენალტების სერიაში მინიმალური ანგარიშით - 10:9 ესპანელებმა გაიმარჯვეს. ამ ტურნირს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათ ტოკიოს საგზურები მოპოვებული აქვთ და იაპონიაში გამგზავრებამდე ეს 2021 წლის თამაშებისთვის მზადების პირველი ეტაპია.

მსოფლიოს ლიგის მეოთხედფინალებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა მონტენეგროს და ხორვატიის შეხვედრა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ისინი სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ხორვატებმა ორი მატჩი მოიგეს - ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ტურნირში (11:10) და ამხანაგური (14:5), მაგრამ მონტენეგრომ ბოლო ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებისთვის დაპირისპირებაში აჯობა ხორვატებს - 10:9. მათი დუელი დებრეცენში უშეღავათო აღმოჩნდა - ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ - 10:10, პენალტებით მონტენეგრომ მიაღწია წარმატებას 5:4 და ნახევარფინალში გავიდა. საგულისხმოა, რომ ორივე გუნდი 14 თებერვლიდან ჰოლანდიურ როტერდამში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურებისთვის იბრძოლებს.

პირველი დღის დანარჩენ ორ შეხვედრაში მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიამ ევროპის ჩემპიონ უნგრეთს მოუგო 9:8, ხოლო საბერძნეთმა იოლად სძლია საფრანგეთს - 12:3. საგულისხმოა, რომ აპენინელებსა და მადიარებს იაპონიის ბილეთები დაჯავშნილი აქვთ, ხოლო ბერძნები და ფრანგები საამისოდ როტერდამში ოლიმპიურ საკვალიფიკაციოზე საქართველოს ნაკრების უპირველესი კონკურენტები იქნებიან.

დებრეცენი. ნახევარფინალები. იტალია - მონტენეგრო 10:14, საბერძნეთი - ესპანეთი 12:11; მეხუთე-მერვე ადგილებისთვის. საფრანგეთი - სერბეთი 6:10, უნგრეთი - ხორვატია 13:10.

მსოფლიოს ლიგის თბილისური სუპერფინალის საგზურები მონტენეგრომ და საბერძნეთმა გაინაღდეს.