სპორტ ექსპრესი

"გატუზო იცით რა გიჟი და ცოფიანი იყო?! ერთ დღესაც შემოდის გასახდელში და..." - გიორგი ლორიამ ძალიან საინტერესო ისტორია გაიხსენა

თებერვალი 13, 2021 16:03

2016 წელს გიორგი ლორიამ "სპორტალთან" ინტერვიუში ჯენარო გატუზოს შესახებ ისაუბრა. 

 

- ის ცოფიანია, როგორც მწვრთნელი და როგორც ადამიანი. მე ამ შემთხვევაში დადებით მხარეს ვგულისხმობ. მისი თანაშემწეებიც ნამდვილი "გიჟები" არიან, მაგალითად, გაიტანო პეტრელი ბუფონის მწვრთნელი იყო. ის ჯიჯიზე მაგარ ამბებს მიყვებოდა, მაგრამ ბოდიში, ვერ მოვყვები. დაე, ჩემ საყვარელ ფეხბურთელზე ის იცოდნენ, რასაც თავად ყვება.

- რა გასწავლათ პეტრელიმ?


- მან უბრალოდ სხვა მეკარედ მაქცია. მაგალითად, მეკარის ვარჯიშის დიდი ნაწილი "ხაზზე" მიდის. პეტრელი კი ამტკიცებდა, რომ გამოსვლებზე თამაშის სწავლა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ის მაჩვენებდა, მაგალითს მაძლევდა და რამდენიმე თვეში სულ სხვა დონის მეკარედ მაქცია. ადრე სულ ხაზზე ვთამაშობდი, ახლა კი გამოვდივარ, თამაშს "ვკითხულობ".



- თქვით, რომ გატუზო გიჟია, რატომ?


- ოფი-ს სტადიონი 10 ათას კაცზე იყო გათვლილი და ის სულ ივსებოდა. ბერძენი ფანატები საოცარი ხალხია, ერთხელ მესამე ლიგაში ისეთი ჩხუბი მოხდა, რომ ყველაფერი სიკვდილით დასრულდა და ორი კვირით ქვეყანაში ფეხბურთი აიკრძალა. აი, წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი და ახლა გეტყვით, რომ გატუზო ამ 10 ათასი კაცის ხმას ფარავდა. ათი ათასი ფანის ხმას ფარავდა, ერთი უკმაყოფილო მწვრთნელის შეხაძილები!

გაცოფებული გატუზოს ხმა გაცილებით უკეთ მესმოდა, ვიდრე ფანების შეძახილები.

- როგორი იყო გასახდელში?


- როგორი? ლითონისგან გაკეთებულ უჯრებს ამტვრევდა. ასე რომ, მოტივაციასთან დაკავშირებით გუნდს პრობლემა არასოდეს ჰქონია. გუნდი-აუტსაიდერი ნებისმიერ მეტოქეს ბოლომდე ებრძოდა.

- რატომ წავიდა გატუზო პირველი წრის მერე?


- მას უნდოდა დახმარება, ქვეყანაში კრიზისი იყო, რინო იბრძოდა კლუბის ხელმძღვანელობასთან, რომ ბიჭებს ხელფასები მიეღოთ. მაგრამ ერთ დღესაც პრეზიდენტი სადღაც შორს "გაუშვა", ჩაჯდა მანქანაში და მას მერე გატუზო არ გვინახავს.

- მიგატოვათ?


- მიგვატოვა? ის იბრძოდა ჩვენი გულისთვის ყოველ წუთას. ვფიქრობ, მიხვდა, რომ შანსი აღარ იყო, კარგი აღარაფერი მოხდებოდა. ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე კლუბი ბანკროტად გამოცხადდა და მოიხსნა ჩემპიონატიდან.


- თქვენ გატუზოს დაუმეგობრდით?


- მასთან სტუმრად ვყოფილვარ, ოჯახი გავიცანი, მაგრამ ყველაზე გასაოცარი იყო ვარჯიშებზე მისი დარტყმები კარში.

- რას ამბობთ, გატუზო ამით დიდად არ გამოირჩეოდა.


- ეს თქვენ ფიქრობთ ასე. ერთხელ მან ბუფონს ნაძლავზე 27-დან 27 პენალტი გაუტანა. ამბობდა, რომ თამაშებზე პენალტებს იმიტომ არ არტყამდა, რომ... მორცხვობდა.

იცით, როგორი დარტყმები ჰქონდა? როგორიც თავად იყო ცოფიანი - ყველა ბურთი "ცხრიანში" მიდიოდა, არც მანამდე და არც მერე მსგავსი არაფერი მინახავს. ერთხელ ვკითხე, შენ თუ ასე ურტყამ, წარმომიდგენია, პირლოს დარტყმები როგორი იყო-თქო.

"გიორგი, გირჩევნია, არ იცოდე", მპასუხობდა რინო სიცილით