სპორტ ექსპრესი

9 აპრილი სპეციალურად ავირჩიეთ და ეს გამარჯვება გმირებს მინდა მივუძღვნა – ავთანდილ ასათიანი

აპრილი 10, 2021 18:13

9 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორია დაწერა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში საფრანგეთის ნაკრები 3:2 დაამარცხა და ისტორიის განმავლობაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ისტორიული წარმატება ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მოპოვებული წარმატება შეაფასა.

„ძალიან რთულ ჯგუფში დავიკავეთ მეორე ადგილი. წილისყრის შემდეგ ვინმეს რომ ეთქვა, ათ ქულას ავიღებდით და მეორე ადგილს დავიკავებდით, ამას ნატვრად ჩავთვლიდი. ძალიან კარგია, რომ ჩვენი ნატვრა რეალობად ვაქციეთ. ბოლო მატჩისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდით. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ბევრი ღამე გავათენეთ, რომ ფეხბურთელებისთვის ყველა ინფორმაცია მიგვეწოდებინა, თუ რას ვაპირებდით და რა სისტემით უნდა გვეთამაშა. მიხარია, ჩვენი შრომა ამ თამაშში გამოჩნდა. როდესაც ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მატჩის თარიღს ვარჩევდით, იყო რამდენიმე ვარიანტი 7-დან 10 აპრილამდე, მაგრამ მე 9 აპრილი ავირჩიე, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დღეა. ეს ყველა ქართველმა მოთამაშემ იცოდა, ბრაზილიელებსაც ავუხსენით და ამ დღემ დიდი სტიმული მოგვცა. ამიტომ, ეს გამარჯვება 9 აპრილის გმირებს მინდა მივუძღვნა“. არ ვიცი, მატჩი როგორ დასრულდებოდა, დღეს გულშემატკივარი რომ არ ყოფილიყო. არ აქვს მნიშვნელობა, 30 პროცენტი იყო თუ რამდენი განსაკუთრებით ბოლო წუთებში ვიგრძენით, ამ მატჩში მოგებაში ქართველმა გულშემატკივარმა რა როლი ითამაშა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც ამ საკითხის მოგვარებაზე იმუშავა და შედეგი სახეზეა, ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.