სპორტ ექსპრესი

არუსტამიანი: "ჯუღელი კვარაცხელიას თაობაზე "იუვეს" და "მილანის" წარმომადგენლებს შეხვდება"

აპრილი 3, 2021 21:28

რუსი ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სიახლეს ავრცელებს. როგორც მან ტელეგრამში დაწერა, მამუკა ჯუღელი იტალიაში გაფრინდება და „მილანისა“ და „იუვენტუსის“ წარმომადგენლებს შეხვდება.

 

გარდა ამისა, არუსტამიანის თქმით, კახა კალაძემ პაოლო მალდინისთან კვარაცხელიას კარგი რეკომენდაცია გაუწია, მათ კი თბილისში, ესპანეთთან მატჩზე სკაუტები გამოგზავნეს.

„ევროპული გუნდები ხვიჩასთან და მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს იწყებენ. რამდენადაც მე ვიცი, აგენტი, მამუკა ჯუღელი გაფრინდება იტალიაში, სადაც ის მოლაპარაკებებს „მილანისა“ და „იუვენტუსის“ წარმომადგენლებთან გამართავს. მხარეები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს განიხილავენ. იტალიაში, „ნაპოლიც“ განსაკუთრებული ინტერისით გამოირჩევა.

როგორც ამბობენ, კახა კალაძე იტალიაში ხვიჩასთვის კარგ საქმეს აკეთებს. „მილანის“ ლეგენდას აქტიურად ეკითხებიან აზრს ხვიჩას პოტენციალის შესახებ და ისიც საუკეთესო რეკომენდაციებს იძლევა. კალაძემ კვარაცხელიაზე „მილანის“ ტექნიკურ დირექტორთან და ასევე თავის ყოფილ თანაგუნდელ პაოლო მალდინისთან ისაუბრა. მათ კი თბილისში, საქართველო - ესპანეთის მატჩზე თავისი წარმომადგენლებიც გამოაგზავნეს“, - წერს ტელეგრამში არუსტამიანი.