სპორტ ექსპრესი

ბადრი კვარაცხელია : ყველაფერი ზაფხულს გაირკვევა

აპრილი 5, 2021 19:57

საქართველო ყოველთვის იყო ნიჭიერი ფეხბურთელების სამჭედლო. 13 მაისი ახლოვდება და ჯერ მარტო ის თბილისის „დინამო“ რად ღირს, რომ აღარაფერი ვთქვათ პაიჭაძის, მესხის, მეტრეველის, იამანიძის და იმ ძველი პლეადის ფეხბურთელებზე.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაშიც არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი გვახსენდება. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? ძმები არველაძეები, გიორგი ქინქლაძე, სხვადასხვა დროს, წლების მანძილზე ეროვნული ნაკრების კაპიტნები – კახა ცხადაძე, გიორგი ნემსაძე, კახა კალაძე და სხვები. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ვინძლო ვინმეც გამოგვრჩეს.

დღეს კი ყველას პირზე ხვიჩა კვარაცხელია აკერია და განა მარტო ქართველ გულშემატკივარს? უნიჭიერესმა ქართველმა ფეხბურთელმა სახელი ევროპის მასშტაბით გაითქვა და არაერთი უცხოური გამოცემა მასზე დითირამბებს არ იშურებს.

 

 

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა კვარაცხელია დღევანდელი ფორმაციის ეროვნული ნაკრების ლოკომოტივი და ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალაა. ეს მან მარტის სანაკრებო მატჩებშიც დაამტკიცა, როდესაც ესპანეთს და საბერძნეთს ერთი-მეორეზე ულამაზესი გოლები გაუტანა.

ახალგაზრდა ქართველი ტალანტი ამჟამად ყაზანის „რუბინის“ ღირსებას იცავს, თუმცა ნამდვილად არ არის შორს ის დრო, როდესაც ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგას დატოვებს და რომელიმე ევროპულ გრანდში გააგრძელებს კარიერას. მისდამი ინტერესს არაერთი ტოპ გუნდი გამოთქვამს.