სპორტ ექსპრესი

ბასილაშვილი მე 5 ტიტულთან ძალიან ახლოსაა

მაისი 2, 2021 11:21

მიუნხენის პრესტიჟულ ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშილმა პირველად 2014 წელს ითამაშა, როდესაც ჯერ კიდევ რეიტინგის ასეულშიც არ იმყოფებოდა. მაშინ მისგან განსაკუთრებულ შედეგსაც არავინ ელოდა და არც მოითხოვდა.

ახლა კი უკვე სულ სხვა ნიკოლოზ ბასილაშვილია. გაცილებით გამოცდილი და შემდგარი ჩოგბურთელი, რომელიც უკვე ATP-ის 4 ტიტულსაც ფლობს და მიუნხენშიც მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ჩავიდა.

ჩავიდა და ფინალიც დაიდო. ქართველი ჩოგბურთელის მიუნხენის ტურნირზე მეორედ თამაში შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას რომ ფანტასტიკურია. შედეგიც სახეზეა – ერთი გამარჯვებაც და ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წლის მიუნხენის უპრესტიჟულესი საჩოგბურთო ტურნირის ჩემპიონი გახდება.

 

ნახევარფინალში კი ჩვენებურმა მეჩოგნემ მეტოქე მარტივ ნამრავლებად დაშალა. კასპერ რუდი ხელწამოსაკრავი ჩოგბურთელი ნამდვილად არ გახლავთ. 22 წლის ნორვეგიელი მეჩოგნე რეიტინგის 24-ე ნომერია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვერც ATP-ის ასეთი დონის ტურნირზე გახვალ ნახევარფინალში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კი კორტზე დაფრინავდა და მოწინააღმდეგეს სრული კაპიტულაცია გამოაცხადებინა. პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 30 წუთში 6:1 მოიგო და არც მეორე პარტიაში დადგომია დიდი ჯაფა – 6:2

ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მასპინძელი იან ლენარტ-შტრუფი იქნება. შეგახსენებთ, არც ისე დიდი ხნის წინ ქართველი და გერმანელი ჩოგბურთელები ერთმანეთს კალიარის ტურნირზე დაუპირისპირდნენ, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი შტრუფის ძლევას მიუნხენის პრესტიჟული ტურნირის ფინალშიც მოახერხებს.