სპორტ ექსპრესი

ბონუჩი: "58 ათასი ადამიანი სახლში გავუშვით, გაკვეთილი ჩავუტარეთ"

ივლისი 12, 2021 09:52

იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ევროპის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბონუჩიმ ინგლისთან ფინალური მატჩი დიდებულად ჩაატარა, დაცვაში უშეცდომო იყო, გოლი გაიტანა და მერე პენალტების სერიაშიც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა - მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

 

„ჩემი კარიერის ყველაზე ლამაზი საღამოა. ეს არის ოცნების ასრულება. დიდი გუნდია, სარდინიის შეკრებიდან დავიწყეთ დაჯერება, ნელ-ნელა რწმენა უფრო გაიზარდა. დღეს ლეგენდები გავხდით. ვხედავთ, რომ 58 ათასი ადამიანი სახლში მიდის. ეს არის ინგლისი, რომელიც დიდი გუნდია და მათ გამო ვწუხვართ, გულშემატკივრები იმედგაცრუებულები დარჩნენ, მაგრამ იტალიამ მათ გაკვეთილი ჩაუტარა. ისინი გახურებისას გვისტევდნენ, მაგრამ ვთქვით, რომ ამაზე საერთოდ არ უნდა გვეფიქრა“, - თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა და 34 თამაშია არ წაუგია. „სკუადრა აძურამ“ ევრო 2020-ზე თურქეთის, შვეიცარიის, უელსის, ავსტრიის, ბელგიის, ესპანეთისა და ინგლისის დამარცხება მოახერხა.