სპორტ ექსპრესი

ჩაკვეტაძე ისევ დაშავდა- იაშვილი

აპრილი 4, 2021 23:16

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გიორგი ჩაკვეტაძე საკმაო ხანია უქმობს. ის მოედანს ცოტა ხნის წინ „გენტის“ ამხანაგურ მატჩებში დაუბრუნდა და იმედიც გაჩნდა, რომ მალე სრულფასოვან ვარჯიშსაც დაიწყებდა.

ადრე თუ გვიან, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი რა თქმა უნდა ტრავმასაც ბოლომდე მოიშუშებს და ოპტიმალურ ფორმასაც დაიბრუნებს. იმედია ეს ზაფხულამდე მოხდება, როდესაც ჯვაროსნებს ორი მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩი ელის და ვილი სანიოლიც მას საქმეში ნახავს.

სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძე ისევ დაშავდა. ამის შესახებ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა.

 

„გიორგი საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ჩვენც და გულშემატკივარიც მის ბოლომდე გამოჯანმრთელებას სულმოუთქმელად ველით. 

მას ვესაუბრე და მითხრა, რომ დაზიანება ისევ მიიღო, თუმცა ტრავმა საბედნიეროდ მძიმე არ არის. ამ ეტაპზე უცნობია რა დროის გამოტოვება მოუწევს. ეს თავადაც არ იცის. უახლოეს ხანებში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და მაშინ გაირკვევა როდის დაუბრუნდება მოედანს“ – აღნიშნა ალექსანდრე იაშვილმა.