სპორტ ექსპრესი

“ეს მიდგომა არ გაამართლებს” არველაძეს პროგნოზი

მარტი 5, 2021 23:15

„როგორ უნდა მისცე ახალგაზრდებს მასიურად შანსი, თუ სანაკრებო გამოცდილება არ გააჩნიათ?!“ – ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა, აჩი არველაძემ პირველი არხის ეთერში, გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას განაცხადა.

„სანიოლიმ ახლიდან რა უნდა დაიწყოს? ეს სტერეოტიპია, რომ ახალგაზრდები დავაწინაუროთ. როგორ უნდა მისცე ახალგაზრდებს მასიურად შანსი, თუ სანაკრებო გამოცდილება არ გააჩნიათ? ასე რომ ავკიდოთ ტვირთი, შეიძლება, ასიდან ერთმა ივარგოს, მაგრამ ბევრი გააფუჭოს“, – ამბობს ვეტერანი ფეხბურთელი.

არველაძემ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებზე და ჯვაროსნების შანსებზეც ისაუბრა.

„ესპანეთთან რთული მატჩი გვექნება. შვედეთი ესპანეთი არაა და არც საბერძნეთია – ესპანეთი. მაყურებელი საბერძნეთში რომ არ იქნება, ეს კიდევ უფრო დიდი პლუსია, ისევე როგორც შვედეთთან. ისე, ძალიან პესიმისტურად განწყობილიც არ ვარ. შესაძლოა, სამი თამაშიდან ერთიც ვერ მოვიგოთ, მაგრამ მწვრთნელი ბევრ რამეს დაინახავს. ის ლაღი ადამიანი ჩანს და მგონია, რომ ფეხბურთელებთან ურთიერთობას დაამყარებს. მთავარია, ბრძოლისუნარიანი გუნდი დააყენოს“, – განაცხადა არველაძემ.