სპორტ ექსპრესი

ფუტსალის ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

აპრილი 12, 2021 22:23

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო შეხვედრა გამართა. ქართველი ფეხბურთელები დასკვნით მატჩში რუსეთის ნაკრებს ესტუმრნენ და 3:0 დამარცხდნენ.

მოგეხსენებათ, ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება განაღდებული აქვთ, ამიტომ რუსეთთან შეხვედრა უბრალო ფორმალობა იყო. თან არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი სპორტის ამ სახეობაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია. მათ 2016 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მოახერხეს გასვლა, თუმცა არგენტინასთან დამარცხდნენ, მანამდე კი 1999 წელს ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ჩვენი გუნდი მოსკოვში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა. ავთანდილ ასათიანმა ძირითადი შემადგენლობის 3 ბრაზილიელი ლიდერი დაასვენა და ამის გარდა, გუნდის კაპიტანი, ზვიად კუპატაძეც არ ათამაშა. ამის მიუხედავად, ქართველმა ფეხბურთელებმა რუსებს მაინც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს.

 

6 ტურის შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდმა სატურნირო ცხრილში 10 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე გავიდა და ევროპირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ბუნებრივია საკმაოდ დიდი წარმატებაა. ფუტსალში ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის ზაფხულში, ნიდერლანდებში გაიმართება.