სპორტ ექსპრესი

გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს თავდაჯერებულობას შემმატებს – ბასილაშვილი

მაისი 3, 2021 10:50

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირის მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და მოპოვებული ჩემპიონობა შეაფასა:

„ნამდვილად არ ყოფილა მარტივი შეხვედრა, რთული მატჩი იყო, დასასრული კი დაძაბული. იანი ძალიან კარგი სპორტსმენია და მისი დამარცხება გამიჭირდა. გერმანიაში სამი ტიტული მოვიგე. შეიძლება, ეს უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ აქაური პირობები მომწონს და თავს კომფორტულად ვგრძნობ. გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს თავდაჯერებულობას შემმატებს. ვეცდები, რომ მომავალ ტურნირებზეც საუკეთესო ჩოგბურთი ვაჩვენო. მადლობა ყველას, ტურნირის ორგანიზატორებს, გულშემატკივრებს, ჩემს ოჯახის წევრებს და ჩემს ძმას, რომელიც დღეს აქედან მამხნევებდა. ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი, იან ლენარდ შტრუფი საათნახევრიან დაპირისპირებაში ორ სეტში – 6:4 7:6(7:5) დაამარცხა მთელი ტურნირი სეტწაუგებლად დაამთავრა.

 

მიუნხენის პირველობის მოგებით ნიკამ 250 სარეიტინგო ქულა და 21 655 ევრო მოიგო. ამასთან, მას BMW-ს მარკის ავტომობილიც გადაეცა.