სპორტ ექსპრესი

კალიარში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

აპრილი 7, 2021 00:41

სარდინიაზე, კერძოდ კი ქალაქ კალიარიში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს 250-იანი კატეგორიის ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც თითქმის ნახევარი მილიონი ევროა.

აღნიშნული შეჯიბრი კი ქართველ გულშემატკივართა ინტერესს იმით იწვევს, რომ იქ ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს. უფრო სწორად, ქართველი ჩოგბურთელი ტურნირში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, რადგან მეოთხე განთესვა აქვს და პირველ წრეში ისვენებდა.

ამასობაში უკვე გაირკვა თუ ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე. ეს იოზეფ კოვალიკია. სლოვაკმა ჩოგბურთელმა ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, ხოლო პირველ წრეში უკვე სუმით ნაგალს სძლია და ასე მოიპოვა ბასილაშვილთან შეხვედრის უფლება.

 

იოზეფ კოვალიკი რეიტინგის 128-ე ჩოგანია და იმთავითვე ნათელია, რომ წყვილის უდავო ფავორიტი ქართველი ჩოგბურთელია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის და იოზეფ კოვალიკის დაპირისპირება 7 აპრილს გაიმართება.