სპორტ ექსპრესი

კანკავა ყოფილ გუნდს უჩივის

თებერვალი 23, 2021 23:31

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავისი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი და ალბათ ყველაზე წარმატებული პერიოდიც უკრაინულ „დნიპროში“ გაატარა. ჯაბა კანკავა უკრაინულ გუნდში 8 წლის მანძილზე, 2007-2015 წლებში თამაშობდა.

კანკავა „დნიპროსთვის“ ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო და ევროპა ლიგის ფინალშიც კი გააღწია. 2015 წელს, ქართველი ფეხბურთელის და „დნიპროს“ გზები გაიყო, თუმცა როგორც ჩანს არც ისე მშვიდობიანად.

მიუხედავად იმისა, რომ „დნიპრო“ ევროსარბიელზე ყოჩაღად გამოიყურებოდა და არც უკრაინის ჩემპიონატში იყო მაჩანჩალა, კლუბს ვალები დაუგროვდა და მეორე დვიზიონშიც დაქვეითდა.

ჯაბა კანკავა კი ყოფილ გუნდს დავალიანების ანაზღაურებას ედავება, რომელიც კლუბს მართებს. ქართველმა ფეხბურთელმა „დნიპროს“ ფიფაში უჩივლა, მაგრამ რატომღაც მისი საჩივარი არ მიიღეს. აქედან გამომდინარე, კანკავას მოთხოვნაც დაკმაყოფილებული არ იქნება.

ჯაბა კანკავა ამ ეტაპზე საფრანგეთის მეორე დივიზიონში „ვალანსიენში“ თამაშობს.