სპორტ ექსპრესი

“ქართველებს მალე დავამარცხებთ” - რუსი მორაგბე

თებერვალი 18, 2021 00:29

რუსი მორაგბეები საქართველოს ნაკრებთან მარცხს კვლავ ვერ ივიწყებენ და განვლილ მატჩზე სხვადასხვა რუსულ სააგენტოებთან საუბრობენ.

ერთ-ერთი ბოლო, ვინც რუსულ გამოცემას მოსკოვის ცსკა-ს 33 წლის მორაგბე, ვასილი არტემიევი იყო. რუსეთის ნაკრების წევრმა RUGGER.INFO-სთან განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრები უკვე საქართველოს დონის გუნდია და „ბორჯღალოსნების“ დამარცხებას უახლოეს პერიოდში შეძლებენ.

„როდესაც საქართველოში წავედით, ბოლო 1 წლის განმავლობაში პანდემიის გამო საერთოდ არ გვქონდა ნათამაშები. ქართველებს კი პირიქით, ნოემბერში და დეკემბერში მათ ევროპის საუკეთესო ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზეს. ამის მიუხედავად, ბორჯღალოსნებთან მაინც კარგად ვითამაშეთ. ზოგადად, თაობათა ცვლის პროცესს ყველა გუნდი გადის, არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. თბილისში 6 დებიუტანტით წავედით, გვყავდა ორი 19 წლის მორაგბე, საშა ბელასლუდცევს კი თამაშის დღეს 20 წელი შეუსრულდა. ორივე გუნდი გარკვეულწილად განახლებული შემადგენლობით თამაშობდა. იმ შედეგის მიხედვით, რომელიც მატჩის ბოლოს დაფიქსირდა მივხვდით, რომ უკვე საქართველოს დონეზე ვართ. ბრძოლისთვის ყოველთვის მზად ვართ და მათთვის რუსეთის დამარცხება გარანტირებული აღარ იქნება. ამისთვის მათ დიდი შრომა მოუწევთ.

ბოლო შეხვედრაც ისე წარიმართა, მეორე ტაიმში ჩვენი მომენტები რომ გამოგვეყენებინა, რადიკალურად განსხვავებული შედეგი იქნებოდა. მეტოქის 22-მეტრიან ზონაში რამდენჯერმე მოვხვდით და ცოტა მეტი რომ გამოგვეწურა, თამაშის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდებოდა. ახლა ფსიქოლოგიურად დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოსთან თანაბრად შეგვიძლია თამაში. ამის მისაღწევად როგორც მწვრთნელმა, ისე ბიჭებმა დიდი სამუშაო გაიღეს. ვფიქრობ, მათი დამარცხების დრო შორს არ არის“, – განაცხადა არტემიევმა.

შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 16:7 დაამარცხა და ისტორიის განმავლობაში ზედიზედ მე-19 გამარჯვება მოიპოვა. რუსეთის ნაკრები „ბორჯღალოსნების“ დამარცხებას 1993 წლის შემდეგ ვერ ახერხებს.