სპორტ ექსპრესი

ხავი ბარსელონაში ბრუნდება

იანვარი 13, 2021 22:31

ესპანური გამოცემა “მარკა” წერს, რომ ჩავი “ბარსელონაში” მიმდინარე წლის აპრილის თვემდე დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ 40 წლის სპეციალისტი დღესდღეობით ყატარულ “ალ სადს” უდგას სათავეში. “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს ჩატარდება, თუმცა ჩავი კატალონიურ კლუბში ყატარის ჩემპიონატის დასრულებამდე არ დაბრუნდება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში ვიკტორ ფონტის გამარჯვების შემთხვევაში, ჩავი კლუბის გენერალური მენეჯერი გახდება, ხოლო ჟორდი კრუიფი სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს. ეს უკანასკნელი დღესდღეობით ჩინურ “შენჩჟენს” წვრთნის. რონალდ კუმანი სეზონს ჩაამთავრებს, თუმცა გუნდის წარუმატებლად ასპარეზობის შემთხვევაში, მას მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჩავი შეცვლის.

როგორც მოგეხსენებათ, ჩავი ერნანდესი “ბარსელონას” ღირსებას 17 წლის განმავლობაში, 1998-დან 2015 წლამდე იცავდა. მან გუნდთან ერთად რვაჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ ქვეყნის თასს, ექვსჯერ კი სუპერთასს დაუფლა, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის, ორ-ორჯერ კი უეფას სუპერთასისა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.