სპორტ ექსპრესი

კონცენტრაცია დავკარგეთ და სადავეები ხელიდან გაგვექცა

თებერვალი 20, 2021 13:17

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, რომელიც ე.წ. „ბაბლის“ პრინციპით იმართება, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სერბებს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და სოლიდური სხვაობით – 66:92 დამარცხდა.

წაგება ყოველთვის გულდასაწყვეტია, მითუფრო როდესაც პირწმინდად მარცხდები, მაგრამ ვგონებთ არც ტრაგედიის შექმნაა საჭირო, რადგან საქართველოს ნაკრები მნიშვნელოვნად შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა და თან როგორც ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა ევრობასკეტზე მონაწილეობა ისედაც გარანტირებული აქვს.

სერბებთან დაპირისპირებას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი აფასებს.

„პარკეტზე ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო. მიუხედავად იმისა, რომ ევრობასკეტზე მონაწილეობა გარანტირებული გვაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტოქეს წინააღმდეგობა არ გაუწიო. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვართ, მაგრამ დღეს არ გვიბრძოლია.

სერბებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. მათ აგრესიულად და ჭკვიანურად ითამაშეს და ჩვენ ხელი ვერაფერში შევუშალეთ. მე მჯერა და ვაფასებ ჩემ კალათბურთელებს, მაგრამ დღეს თითქოს საკუთარ თავს არ ჰგავდნენ.

ბიჭებს ვუთხარი რომ შეტევაშიც და დაცვაშიც მაქსიმალური ყურადღებით ყოფილიყვნენ. გასაგებია, რომ მთელი მატჩის მიმდინარეობისას ეს არ გამოგივა, მაგრამ შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანო. დღეს ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, გუნდს თითქოს კონცენტრაცია აკლდა.

კალათბურთში ასეთი რამ ხდება ხოლმე. კარგია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენთვის შედეგს არანაირი მნიშვნელოვა არ ჰქონდა. ფინეთთან მატჩში ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ და გულშემატკივარი გავახაროთ“ – თქვა საქართველოს ნაკრების ბერძენმა სპეციალისტმა.