სპორტ ექსპრესი

კრუიფს გარდაცვალებამდე 4-5 თვით ადრე შევხვდი და… – შოთა არველაძემ კრუიფთან შეხვედრა გაიხსენა

მარტი 25, 2021 18:13

საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ ლეგენდარულ იოჰან კრუიფთან ბოლო შეხვედრა გაიხსენა.

„კრუიფს გარდაცვალებამდე 4-5 თვით ადრე შევხვდი. მითხრა, ბოლო წუთებზე სტოიჩკოვს და დრიბლიორებს ვეუბნებოდი, ბურთი აიღე და მოტყუებაზე ითამაშე-მეთქი. ბურთის უკან გორებაზე ხალხი სტვენას იწყებს, შეტევაში რომ მიდიხარ, მაშინ სხვა რეაქციაა, ხალხს ავიყოლიებთ და ძალა მოგვეცემაო. ტრიბუნაზე გულშემატკივარი მართლაც დიდი ძალაა“, – განაცხადა არველაძემ პირველ არხზე, გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას.

ამის ფონზე, 48 წლის ვეტერანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების მოტივაციისთვის გულშემატკივრი დიდ როლს თამაშობს.

 

„ჩემს თაობას ეგონა, რომ თბილისში, „დინამო სტადიონზე“ ვერავინ მოგვიგებდა. არ გვაინტერესებდა, ბაჯო და კლინსმანი ჩამოიყვანეს თუ არა. მაშინ შეიძლება თავში ბევრი პეპელა დაფრინავდა და გვეგონა, ქვეყანაზე ჩვენზე მაგარი არავინ იყო. შესაძლოა, ეს კარგიც იყო. საშინაო მატჩებისას 25 პროცენტით მეტი ჯანი გაქვს“, – ამბობს შოთა არველაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იოჰან კრუიფის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.