სპორტ ექსპრესი

კვარაცხელია წავა დავითაშვილი მოვა?

თებერვალი 20, 2021 13:21

რუსული გამოცემა sport.business-gazeta, რომელიც უმეტეს წილად ყაზანის „რუბინის“ შესახებ წერს, ამჯერად სტატიას ზურიკო დავითაშვილის მომავალზე აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ ქართველ ფეხბურთელს ძალიან გაუჭირდება ყაზანურ გუნდში დაბრუნება და მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ლეგიონერებზე არსებული ლიმიტია.

 

 

ამავდროულად, გამოცემა წერს, რომ ზურიკოსთვის იდეალური იქნება თუ ზაფხულში „რუბინი“ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდის.

„ზურიკოს ძალიან გაუჭირდება „რუბინში“ დაბრუნება იმავე მიზეზით, რამაც აიძულა ყაზანური გუნდი ის იჯარით გაეშვა - უცხოელ მოთამაშეებზე ლიმიტი. როდესაც იაპონელი მიცუკი საიტო ტრავმისგან განიკურება, „რუბინს“ უკვე 9 ლეგიონერი ეყოლება და რომელიმეზე უარის თქმა მოუწევს. ძნელია, ვივარაუდოთ, რომ დავითაშვილი ამ ვითარებში გუნდში ადგილს დაიბუნებს. პირადად მისთვის იდეალური სცენარი იქნება ზაფხულში კვარაცხელიას გაყიდვა. ასე გათავისუფლდება ლეგიონერის ადგილი, თანაც ეს ფეხბურთელები ერთ პოზიციაზე თამაშობენ“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში „როტორის“ მაისურით 11 უგოლო მატჩი ჩაატარა, ხოლო მანამდე 2 თამაშის გამართვა „რუბინშიც“ მოასწრო სეზონის სტარტზე. გასულ სეზონში კი ყაზანური გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 19 შეხვედრაში თავი 2-ჯერ გამოიჩინა. მოგეხსენებათ, ქართველი შემტევი ყაზანელთა საკუთრებაშია და "როტორში" იჯარით თამაშობს.