სპორტ ექსპრესი

ლევან მაისაშვილი: სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ვიყავი

ოქტომბერი 7, 2021 10:17

ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph-მა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ლევან მაისაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.“ბორჯღალოსნების” თავკაცმა ყველაზე მეტი თავის გადატანილ ურთულეს პერიოდზე ისაუბრა.

“ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, თუმცა, თავად არაფერი მახსოვს, რადგანაც მეძინა. როგორც მერე ექიმებმა მითხრეს, ფილტვები აბსოლუტურად პარალიზებული იყო და თანაც, ბაქტერიებით ინფიცირებული. სხეული უდიდესი ზეწოლის ქვეშ გახლდათ და მართალია, მაშინ ვერაფერს ვგრძნობდი, გაღვიძების მერე ურთულეს მდგომარეობაში ვიყავი. ტრაქეოსტომია გამიკეთეს, ცხვირში რაღაც მქონდა ჩადგმული, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. პირველად როცა ავდექი, ერთი ნაბიჯი წინ გავაკეთე, მეორე  უკან და მერე ნახევარი საათი ვისვენებდი. ისე ვიყავი, როგორც თევზი ხმელეთზე.

ავადმყოფობამდე 85 კგ. ვიყავი, ხოლო როდესაც გავიღვიძე, 60-62 კგ. გახლდით. საკუთარი ფეხები ვერ ვიცანი, ეს ძვალი და ტყავი იყო. ექიმებმა მითხრეს, რომ კუნთები ანთებამ შეიწირა, ამიტომაც, სიარულზე საუბარიც არ იყო, თავდაპირველად, ფეხზე დგომაც კი წინსვლად ჩაითვალა. ძალიან, ძალიან, ძალიან რთული იყო, თუმცა, უკვე ყველაფერი წესრიგშია.

 

მითხრეს, რომ საქართველოში ჩემი ამბავი ყველამ იცოდა და ძალიან მქომაგობდნენ. სამშობლო ძალიან მიყვარს და როდესაც თუნდაც ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ ვბრუნდები, დიდი ემოციები მაქვს. გასაგებ მიზეზთა გამო, ამჯერად, ყველაფერი კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო. ოჯახის წევრები, მეგობრები, თანაგუნდელები, მორაგბეები, ყველანი დამხვდნენ. ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო.

სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ვიყავი, ჩემი გადარჩენის შანსი 2% იყო, თუმცა, ცოცხალი ვარ და ახლა, ყველაფერი კიდევ უფრო მეტი და უკეთ უნდა გავაკეთო. ჩემი მოვალეობები უფრო გაზრდილია, ვიდრე ადრე. დასახული მიზნის მიღწევა ყველას შეუძლია, თუკი ამას დაიჯერებს. ეს ოცნება არაა, ეს მიზანია, რომლისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ”, – თქვა მაისაშვილმა.

ლევან მაისაშვილი უკვე შეუერთდა ქართულ ფრენჩაიზ შავ ლომს, რომელსაც 16 ოქტომბერს ევროპის სუპერთასის ეგიდით ისრაელის წარმომადგენელ “თელ ავივ ჰითთან” მატჩი ელის.