სპორტ ექსპრესი

ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილი კარიერას კორეაში გააგრძელებს

თებერვალი 16, 2021 13:34

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას კორეულ „ულსან ჰიუნდაიში“ გააგრძელებს. ამის შესახებ „პრაიმსპორტმა“ გუშინაც გამცნოთ, ახლა კი ეს ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა და კონტრაქტზეც ხელი მოწერილია.

ნიშანდობლივია, რომ „ულსანი“ კორეაში ერთ-ერთი მოწინავე გუნდი და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონია, ხოლო შარშან აზიის ჩემპიონთა ლიგაც კი მოიგო. ასე რომ, ქართველი ფეხბურთელი ამ კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირშიც მოსინჯავს ძალებს.

შეგახსენებთ, ვაკო ყაზაიშვილს საქართველოს ჩემპიონატის გარდა ნიდერლანდურ „ვიტესში“, პოლონურ „ლეგიაში“ და ამერიკულ „სან-ხოსეში“ უთამაშია.

„ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა და მოხარული ვარ, რომ აზიის საუკეთესო გუნდის წევრი გავხდი. მაქსიმუმს გავიღებ, რათა გუნდს ახალ გამარჯვებებში დავეხმარო და ჩემპიონობასთან ერთად წარმატებას აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც მივაღწიოთ“ – ამბობს 28 წლის ქართველი ფეხბურთელი.