სპორტ ექსპრესი

პირველი ქულა მსოფლიოს შესარჩევზე აღებულია

აპრილი 1, 2021 09:40

მარტის სანაკრებო ბატალიები საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან დაპირისპირებით დაასრულა. ჯვაროსნების დამრიგებელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან ნაომარ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა – ვაკო გვილიას ნაცვლად, სასტარტოში ადგილი გიორგი აბურჯანიას ანდო. ფრანგმა სპეციალისტმა აბურჯანია შვედეთთან პირველ მატჩშიც დააყენა, თუმცა მაშინ ესპანური „კართაგენის“ ფეხბურთელმა დიდად თავი ვერაფრით გამოიჩინა.

ვილი სანიოლის გუნდს გადაღლილობა აშკარად ეტყობოდა და ეს არც არის გასაკვირი. 7 დღეში მიჯრით სამი თამაში გამართვა დიდ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს. თან მეტოქეებსაც ხომ გააჩნია. ცალკე უნდა ითქვას ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც. შვედეთთან და ესპანეთთან ტოლ-სწორად თამაშის და დასანანი მარცხების შემდეგ, ადვილი არ არის მალევე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის სათანადოდ განეწყო.

ესპანეთთან თბილისური მატჩისგან განსხვავებით, სალონიკში თამაში უმაყურებლოდ ჩატარდა. საბერძნეთის ხელისუფლებამ ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ დაუშვა.

 

მასპინძლები საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით უკეთეს მდგომარეობაში იმითაც იყვნენ, რომ ეს მათთვის მეორე მატჩი იყო და აღდგენისთვის მეტი დრო ჰქონდათ. ჯვაროსნებს კი 6 დღის მანძილზე სტოქჰოლმი-თბილისი-სალონიკში მოუხდათ გადაფრენა-გადმოფრენა. ესეც რომ არ იყოს, ბერძნები პირველ ტურში ესპანეთთან სტუმრად ნათამაშები ფრითაც იყვნენ შეგულიანებულნი.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი 20 წუთი მასპინძლებმა ზეწოლა განახორციელეს და ჩვენ გუნდში თითქოს დაბნეულობა შეინიშნებოდა, თუმცა ტაიმის შუაწელს ქართველმა ფეხბურთელებმა თამაში დააბალანსეს და მეტოქის კართან რეალური სახიფათო მომენტებიც შექმნეს. ერთ ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელია ბერძნების დაცვას შურდულივით ჩაუქროლა, თუმცა დარტყმა გაუცუდდა. მანამდე კი საბა ლობჟანიძეს ჰქონდა კარგი შანსი, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში ბურთის დამორჩილება ვერ შეძლო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ერთი გოლის თამაში იყო და არც საქართველოს ნაკრები იჯდა ყრუ დაცვაში. უფრო მეტიც – თამამად შეიძლება ითქვა, რომ ვილი სანიოლის გაწრთვნილები მეორე ნომრად სულაც არ თამაშობდნენ და საკმაოდ მწვავედაც უტევდნენ.

პირველი შეცვლა სანიოლმა 62-ე წუთზე განახორციელა და ბუდუ ზივძივაძის ნაცვლად თამაშში გიორგი ქვილითაია ჩართო. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ზივძივაძე საკმაოდ ინერტულად გამოიყურებოდა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც მაღალი არ იყო.

66-ე წუთზე საბერძნეთის ნაკრების კარში მეტად სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც გიორგი აბურჯანიამ შეასრულა, თუმცა მეკარემ ბურთის კუთხურზე გადაგდება შეძლო. მეორე ტაიმში მასპინძლებმა უხეშობას უმატებს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ 3 ყვითელი ბარათი მიიღეს.

76-ე წუთზე საბერძნეთის ნაკრები დაწინაურდა, თუმცა გოლი მასპინძლებს არ გაუტანიათ. ამაში ბერძნებს ოთარ კაკაბაძე დაეხმარა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა. ზუსტად ორ წუთში კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა. საქართველოს ნაკრების ბრილიანტმა მეტოქის დაცვა გააბითურა და მოხდენილი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.