სპორტ ექსპრესი

როლან გაროსი ჩაშლის პირას

აპრილი 5, 2021 20:01

მსოფლიო პანდემია, რომელიც აგერ უკვე წელიწადზე მეტია მძვინვარებს არა მხოლოდ სპორტულ, ზოგადად ყველა სფეროს დიდ პრობლემებს უქმნის.

შარშანდლიდან მოყოლებული არაერთი სპორტული ფორუმი გადაიდო ან გაუქმდა. ასე მოხდა ჩოგბურთის შემთხვევაშიც. 2022 წელს უიმბლდონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ჩაიშალა.

ამჯერად, დიდი საფრთხის წინაშეა მოახლოებული როლან გაროსის გამართვა. საფრანგეთის ღია პირველობა წესით 23 მაისს უნდა დაიწყოს, თუმცა ბევრი რამ ბურუსით არის მოცული.

 

საფრანგეთში ვირუსის მესამე ტალღაა და კომენდანტის საათია დაწესებული. ქვეყნის ხელისუფლება რეგულაციების ერთი თვით კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს, რაც ასევე თვითიზოლაციასაც გულისხმობს.

საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟილ მორეტონი შიშობს, რომ არ არის გამორიცხული კარანტინი ერთი თვის შემდეგაც გაურკვეველი ვადით გაახანგრძლივონ. ასეთ შემთხვევაში კი როლან გაროსის ორგანიზატორებს ტურნირის გაუქმება მოუწევთ. მისი თქმით, განიხილება შეხვედრების ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარებაც.

შეგახსენებთ, 2020 წელს როლან გაროსი მაისის ნაცვლად შემოდგომაზე გადაიტანეს. შესაძლოა ამჯერადაც ასე მოხდეს და გაუქმების ნაცვლად, რამდენიმე თვით გადაავადონ.