სპორტ ექსპრესი

რუსი კომენტატორი: “მესის ადგილზე “ბარსელონაში” კვარაცხელიას ამიტომ ავიყვანდი”

სექტემბერი 14, 2021 12:17

რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა გიორგი ჩერდანცევმა ყაზანის "რუბინის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ჩერდანცევმა 20 წლის შემტევის ყიდვისკენ კატალონიის "ბარსელონას" მოუწოდა და ხვიჩა ლეო მესის მომავალ შემცვლელად მონათლა.

"მაშინ, როცა ხვიჩა კვარაცხელიაზე ვსაუბრობთ, საკითხის სწორად დასმაა საჭირო. "იუვენტუსმა" რონალდუ დაკარგა, "ბარსელონამ" - მესი და ამაში დამნაშავე ფინანსური პრობლემებია. თანამედროვე ფეხბურთში აბსოლუტურად ნორმალურია, როცა მოთამაშე გუნდში მოდის, იქ რამდენიმე სეზონის მანძილზე ჩერდება, მისი ფასი იმატებს და მერე ძვირად იყიდება.


ფეხბურთი მხოლოდ გართობა აღარაა და მან ბიზნესის როლიც შეითავსა. კვარაცხელიას ადგილს სხვები დაიკავებენ და იმედი ვიქონიოთ, ისინი მის წარმატებულ გზას გააგრძელებენ, თუმცა ხვიჩას პოტენციალის მოთამაშის მონახვა რთულია. ვფიქრობ, ხვიჩა უნიკალური ტალანტით გამოირჩევა. ჩემი აზრით, მას ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ კლუბში შეუძლია, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს. "ბარსელონას" ადგილას რომ ვიყო, მას მესის შემცვლელადაც ავიყვანდი.

ინგლისში ასეთ ფეხბურთელებზე გიჟდებიან: სწრაფები და ტექნიკურები. თუ ხვიჩას ხელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეუშლის, მას შესანიშნავი კარიერა ექნება. კვარაცხელიას შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს," - თქვა ჩერდანცევმა.

შეგახსენებთ, რომ "რუბინის" გარემარბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში უამრავ ევროპულ კლუბს უკავშირებდნენ. მას ხან "მილანის" რადარზე ხედავდნენ, ხან "სევილიას", ხანაც "ტოტენჰემის", თუმცა კვარა ახლაც ყაზანში აგრძელებს კარიერას.