სპორტ ექსპრესი

სამი მედალის შანსი გვაქ, დოჰას მასტერსი გრძელდება

იანვარი 13, 2021 14:54

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსის ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა.

 

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა პირველი შეხვედრა შვედ მარკუს ნინამთან ჩაატარა და მისი დამარცხება მოახერხა. მერვედფინალში კი იაპონელ საიჩირო მუკაის შეხვდა და ასევე იმარჯვა. მეოთხედფინალში ბექა გერმანელ ედუარდ ტრიპელიც დაამარცხა და ნახევარფინალში მეტოქის მოლოდინშია.

წარმატებულად ასპარეზობს ასევე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაური - მან ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს და სერბ ნემანია მაჯდოვს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში იპონით სძლია და შემდეგ შეხვედრას რუს მიხაილ იგოლნიკოვთან ჩაატარებს.

ასევე წარმატებით აგრძელებს სვლას 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი. ქართველმა მეორე წრის შეხვედრა რუს ნიაზ ბილალოვს სძლია და ისიც მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უზბეკი მუხამადკარიმ ხურამოვი შეხვდა და მისი ბარიერიც დასძლია. ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალტჩიკს შეხვდება.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში 3 ქართველი ძიუდოისტი გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი გამოდიოდნენ, რომელებმაც პირველი შეხვედრები მოიგეს, თუმცა მეორე დაპირისპირებაში სამივე მათგანმა მარცხი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ ზაალიშვილმა კუბელი ენდი გრანდა სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მეორე წრეში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტს ტედი რინერს შეხვდა, რომელსაც ვერ გაუმკლავდა. თუშიშვილი კორეელ მეტოქესთან, ლევან მატიაშვილი კი რუს ტასოევთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ანგარიშზე დოჰას მასტერსზე მოპოვებული 2 მედალია. პირველ საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს, მეორე დღეს კი ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.