სპორტ ექსპრესი

სკანდალი გრძელდება, სუსი-დან გამოჟონილ ფაილებში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეც ფიგურირებს - ნახეთ, რა დღემდე უცნობი ინფორმაცია ხდება ცნობილი სკანდალურ საქმეზე

სექტემბერი 29, 2021 10:58

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) განცხადებას ავრცელებს ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილ ფაილებში არსებულ ინფორმაციაზე.

 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შესაძლებელია ჩადენილი იყოს დანაშაული და რეაგირებისთვის მიმართავს პროკურატურას.

 

„2021 წლის 20 სექტემბერს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ონლაინ გამოცემამ „პუბლიკა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია 2020 წლის 23 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმის თენგიზ ბასილაშვილისა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას საუბრის შესახებ. საუბარი ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შედგა.

 

გავრცელებულ ფაილებში აღწერილია თუ როგორ სთხოვს თენგიზ ბასილაშვილი დეკანოზ შალვა კეკელიას ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის, რომელიც მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, საპატრიარქოს სახელით დაწეროს შუამდგომლობა. აღნიშნულ თხოვნაზე დეკანოზმა თანხმობა განუცხადა და დაპირდა, რომ დაუკავშირდებოდა პატრიარქის თანაშემწეს დავით ჭინჭარაულს, რომელსაც ბასილაშვილთან მეგობრობა აკავშირებს. სტატიის თანახმად, აღნიშნული საუბრის ავთენტურობა დაადასტურა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

 

აღნიშნული საუბრიდან მეორე დღეს, 2020 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სხდომა, სადაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

 

გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ვარაუდს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შესაძლებელია ჩადენილი იყოს დანაშაული.

 

PHR-მა შესაბამისი რეაგირებისათვის მიმართა საქართველოს პროკურატურას.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესები დღემდე მიმდინარეობს. პროცესების გადადება ხშირად ჩოგბურთელის მოუცლელობის გამო ხდება, რაც ხელს უშლის სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის მარტიდან მიმდინარეობს.

 

ჩოგბურთელი ძალადობის საფუძველზე 2020 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის წარედგინა. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილიც. საქმეშია 6 შემაკავებელი ორდერიც, რომელიც ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქალაქო სასამართლომ კი ექვსივე ორდერი ძალაში დატოვა. ბასილაშვილის დაცვის მხარეს ორდერები სააპელაციო სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. ჩოგბურთელის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარეობს ასევე ქონებრივი დავაც. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

 

ინფორმაციის წყარო: Publika.ge