სპორტ ექსპრესი

თასი რომში წავიდა: იტალია ევროპის ჩემპიონია!

ივლისი 12, 2021 09:51

„უემბლიზე“ ინგლისი მასპინძელი იყო და თამაშიც დიდებულად დაიწყო, რადგან მეორე წუთზე უკვე იგებდა. ინგლისელთა სწრაფი იერიში მარჯვენა ფლანგიდან კირან ტრიპიერის შესანიშნავი ჩაწოდებით და მარცხენა მცველის, ლუკ შოუს გოლით დასრულდა.

თამაში 120 წუთი გაგრძელდა, მაგრამ ეს გამოდგა ერთადერთი ნორმალური იერიში, რომელიც ინგლისმა მთელ თამაშში განახორციელა და ბუნებრივია, ასე თამაშს ვერ მოიგებ. პირველ ტაიმში იტალიას საკმაოდ გაუჭირდა და ფედერიკო კიეზას შორეულ დარტყმას თუ არ ჩათვლით, ვერც ვერაფერ შექმნა. აი, მეორე ტაიმში კი რობერტო მანჩინის გუნდი თამაშის ბატონ-პატრონი გახდა და მეტოქე ცალსახად დაჯაბნა.

ჯერ იყო ფედერიკო კიეზას ცოტა დააკლდა გათანაბრებამდე, ხოლო 67-ე წუთზე გოლი მაინც გავიდა. მარკო ვერატის თავური ჯერ ჯორდან პიკფორდმა მოიგერია, მერე ძელს მოხვდა და დამატებაზე ყველას ლეონარდო ბონუჩიმ დაასწრო - 1:1. აშკარა გახდა, რომ იტალია უკეთ გამოიყურებოდა, ყველაფერში უპირატესობას ფლობდა და მალე გამარჯვების გოლთანაც ახლოს იყო, მაგრამ დომენიკო ბერარდის დარტყმა ძალიან მაგარიპოზიციიდან კარს აცდა. საბოლოოდ, ძირითად დროში არაფერი შეცვლილა და დამატებითი დრო დაინიშნა.

30 წუთში გუნდებმა ფრთხული ფეხბურთი ითამაშეს და საგოლე მომენტები არ შექმნილა. ლოგიკურად, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც საოცრად დრამატული გამოდგა.

თავიდან იტალიელებმა ვერ გაიტანეს, ანდრეა ბელოტის მეკარემ აჯობა, ჰარი მაგუაირმა კი ინგლისი დააწინაურა (2:1). თითქოს ალბიონელებმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მარკუს რაშფორდმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო ჯეიდონ სანჩოს ჯიჯო დონარუმამ აჯობა. როგორც ესპანეთთან, ახლაც ყველაფერი ჟორჟინიოს უნდა გადაეწყვიტა, თუ გაიტანდა, იტალია მოიგებდა, მაგრამ „ჩელსის“ ნახევარცმველს პიკოფრდმა აუღო და ინგლისმა დიდებული შანსი დაიბრუნა. და მაინც, დონარუმა ფანტასტიკური იყო - მან ბუკაიო საკასაც აუღო და ყველაფერი დასრულდა!

იტალია 1968 წლის შემდეგ პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი, ისტორიაში კი მესამედ! ეს არის გუნდი, რომელსაც 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ალბათ, ვერავინ იტყვის, რო დაუმსახურებული ევროპის ჩემპიონია. „სკუადრა აძურა“ სხვა გუნდებზე უკეთ თამაშობდა და ფინალშიც ინგლისის ნაკრებს ყველა კომპონენტში აჯობა.

სხვათა შორის, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ჯანლუიჯი დონარუმა გახდა! ალბათ, ფინალმა ბევრი რამ გადაწყვიტა. „სკუადრა აძურამ“ ტიტული 2006 წლის შემდეგ, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, პირველად მოიგო. ინგლისის ნაკრებმა კი პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და დამარცხდა. დამარცხდა „უემბლიზე“, სადაც ყველაფერი მზად იყო ზეიმისთვის, მაგრამ ახლა რომსა და იტალიაში ზეიმობენ - ამის მიზეზი აქვთ!

იტალიამ ევროპის ჩემპიონატზე 13 გოლი გაიტანა, რაც ამ ნაკრების ისტორიაში ამ ტურნირზე საუკეთესო შედეგია. ლეონარდო ბონუჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა (34 წლის და 71 დღის), ვინც ევროს ფინალში გოლი გაიტანა. "სკუადრა აძურა" ევროპის ჩემპიონი 53-წლიანი პაუზის მერე გახდა და მსგავსი დიდი პერიოდი ორ ჩემპიონობას შორის არცერთ გუნდს არ ჰქონია.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ჯანლუიჯი დონარუმა დასახელდა და მეკარეს ეს წოდება პირველად ერგო ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო კრიშტიანუ რონალდუმ მოიპოვა, რომელმაც 5 გოლი გაიტანა.

იტალია - ინგლისი 1:1 პენ: 3:2 (0:1)

ლონდონი, „უემბლი“

იტალია (4-3-3): დონარუმა; დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი (ფლორენცი 118); ბარელა (კრისტანტე 54), ჟორჟინიო, ვერატი (ლოკატელი 96); კიეზა (ბერნარდესკი 86), იმობილე (ბერარდი 55), ინსინიე (ბელოტი 91)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

ინგლისი (3-4-3): პიკფორდი; უოლკერი (სანჩო 120), სტოუნსი, მაგუაირი; ტრიპიერი (საკა 70), რაისი (ჰენდერსონი 74, რაშფორდი 120), ფილიპსი, შოუ; მაუნთი (გრილიში 99), კეინი, სტერლინგი

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

გოლები: 0:1 შოუ (2), 1:1 ბონუჩი (67)

პენალტების სერია: 1:0 ბერარდი, 1:1 კეინი, 1:1 ბელოტი (მეკარე), 1:2 მაგუაირი, 2:2 ბონუჩი, 2:2 რაშფორდი (ძელი), 3:2 ბერნარდესკი, 3:2 სანჩო (მეკარე), 3:2 ჟორჟინიო (მეკარე), 3:2 საკა (მეკარე)

გაფრთხილება: ბარელა (47), ბონუჩი (55), ინსინიე (84), ჟორჟინიო (114) - მაგუაიერი (106)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 5 (1) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 5:1

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ლეონარდო ბონუჩი (იტალია)

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი:ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია)

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)