სპორტ ექსპრესი

Tuttomercatoweb: ხვიჩასთვის ბრძოლაში ფავორიტები გამოიკვეთნენ

აპრილი 29, 2021 16:08

ცნობილი იტალიური გამოცემა, Tuttomercatoweb ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს მტკიცებით, ქართველი ფეხბურთელის გადაბირებას ყველაზე აქტიურად გერმანული „ბორუსია მიონხენგლადბახი“ და ესპანური „სევილია“ ცდილობენ. კლუბებმა „რუბინს“ ოფიციალური სიტყვითაც მიმართეს და ყაზანელებმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთეს.

„ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება. „რუბინი“ მას 20 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, ყაზანელებმა 12-მილიონიანი შეთავაზება მიიღეს და ამ ტრანსფერს დათანხმდებიან.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს ბევრი კლუბი იჩენს. „იუვენტუსი“, „ნაპოლი“, „მილანი“ და „ატალანტა“ ფეხბურთელს აქტიურად აკვირდებიან, თუმცა ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ. ამ დროისთვის, კვარაცხელიას გადაბირების ყველაზე დიდი შანსი „მიონხენგლადბახს“ და „სევილიას“ აქვთ“, – წერს გამოცემა.