სპორტ ექსპრესი

ვარჯიში მეფესთან – ნიკა რომისთვის რაფასთან ემზადება

მაისი 10, 2021 23:23

რომში, როლან გაროსამდე, ბოლო მასტერსის სერიის ტურნირი დაიწყო, სადაც როჯერ ფედერერის გარდა ყველა ტოპ ჩოგბურთელი მონაწილეობს.

რა თქმა უნდა, იტალიის დედაქალაქშია რაფაელ ნადალი. გრუნტის მეფე რომის მასტერსის 9-გზის ჩემპიონია და ამით ყველაფერი ნათქვამია.

თიხის საფარზე ვარჯიში, ვისთან თუ არა, ესპანელ მატადორთან ნებისმიერი ჩოგბურთელისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა. მასთან ხომ სხვანაირად იწრთობი, თუმცა ისეც არ არის, მოგინდეს და ნადალთან ივარჯიშო. თავად რაფაც თანახმა უნდა იყოს, მისი გუნდის მიერ შერჩეულ სპარინგ-პარტნიორზე.

სხვებთან ერთად, რომშია ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელიც თავის სასტარტო მატჩს 11 მაის მატეო ბერეტინისთან გამართავს.

ჰოდა, დღეს, ქართველმა ჩოგბურთელმა სპარინგ-ვარჯიში არც მეტი, არც ნაკლები სწორედ რაფაელ ნადალთან გამართა.

იმედია, გრუნტის მეფესთან ვარჯიში  ნიკოლოზ ბასილაშვილს სასიკეთოდ წაადგება და რომის მასტერსს გამარჯვებით გახსნის.