სპორტ ექსპრესი

ჟოან ლაპორტას ბარსელონაში რონალდუს ხილვა სურს

ივნისი 24, 2021 09:28

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირება სურს. ინფორმაციას As-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ რაც გუნდმა ლეო მესი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თითქმის დაითანხმა, პრეზიდენტი რონალდუს მოწვევაზე დაფიქრდა. ლაპორტას დიდი სურვილია, რომ მესიმ და კრიშტიანუმ „ბარსელონაში“ ერთად ითამაშონ.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა 36 წლის ფეხბურთელი შეთავაზებას, რადგან კატალონიელები პორტუგალიელის აგენტს ჯერ არ დაკავშირებიან.

 

„ბარსელონას“ ხელმძღვანელები მზად არიან „იუვენტუსს“ რონალდუს სანაცვლოდ ორი ფეხბურთელი შესთავაზონ, მათ შორის შესაძლებელია ანტუან გრიზმანი, სერხი რობერტო ან ფილიპე კოუტინიო იყვნენ.

კრიშტიანუმ გასულ სეზონში „იუვენტუსის“ მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.